არჩევნები 2020

პარლამენტთან დაკავებული 4 აქტივისტიდან ერთი გათავისუფლებულია

გუშინ, 5 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებული ოთხი აქტივისტიდან ერთ-ერთი, რუსუდან მჭედლიძე, გათავისუფლებულია. მჭედლიძის თქმით, დაკავებული სამი აქტივისტი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და ის იმ სასამართლო პროცესს ელოდება, რომელზე დასწრების შესახებაც შეატყობინეს, მაგრამ ჩანიშნული არ არის. 

"უსამართლოდ დაგვაკავა ოთხი სამოქალაქო აქტივისტი ბიძინა ივანიშვილის მილიციამ. [...] ბიძინას სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სამართლიან განაჩენს გამოგვიტანს. ბიჭები დატოვეს დროებითი დაკავების იზოლატორში და მე გამომიშვეს, რადგან გოგო ვიყავი. 

საპატრულოდან დამირეკეს, რომ პროცესი იყო ჩანიშნული. მოვედი 12 საათზე მაგრამ არ არის პროცესი ჩანიშნული, რამდენ ხანში ჩაინიშნება ჯერ არ ვიცი". – თქვა რუსუდან მჭედლიძემ.

5 დეკემბერს პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობასთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთება და ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დამაგრება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

კომენტარები