კორონავირუსი საქართველოში

მეუფე გრიგოლი ღვთისმსახურების წესის ცვლილებაზე: თუ დადგა აუცილებლობა, ამაზე ვიმსჯელებთ

ფორმულა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის მატებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება. მეუფე გრიგოლის თქმით, პანდემია არ არის მოვლენა, რომელზეც არასერიოზულად უნდა ვისაუბროთ, ღვთისმსახურების წესის ცვლილებაზე კი შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში იმსჯელონ.

"ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საჭიროა საერთო ძალისხმევა და ამ საფრთხეების გათვალისწინება. თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ.

ისეთი ვითარებაა ეკლესიაშიც, რომ სასულიერო პირებიც ზოგი იზოლაციაშია, ზოგი დაავადებულია და ზოგიერთ ადგილას ღვთისმსახურების ჩატარებაც კი პრობლემაა". – თქვა მეუფე გრიგოლმა.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4 301 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 162 475 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 133 511 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 504 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434.

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები