არჩევნები 2020

ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის ყველანაირი ფორმით მიუღებელია

ტაბულა

"მთავარი თემა, რაც არის რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით, არის მიუღებელი არათუ ჩვენთვის, მიუღებელია იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო მსოფლიოშია შექმნილი". - ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. 

ვოლსკის თქმით, დასავლელი პარტნიორების პოზიციაა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ გაყალბებულა. მისივე თქმით, ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება.

„ყველაფერი ცნობილია, რასაც ოპოზიცია მოითხოვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერ საზოგადოებას, გავხედოთ, რა ხდება რეგიონში და შევაფასოთ სიტუაცია. პირველი საკითხი, რომელსაც აყენებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები - არჩევნები არ გაყალბებულა, საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას. მეორე მხარეს არის პოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, უკავშირდება კოვიდის გავრცელების ინტერესსა და ეკონომიკურ რყევას, ზუსტად იგივე ინტერესები აქვს კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა რეგიონში და კიდევ გეგმავს მომავალ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო აფასებს ამ სიტუაციას და არა მარტო ჩვენ. ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი საზოგადოების მიმართ, და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება". - ამბობს ვოლსკი. 

ის ოპოზიციის მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ელჩებს საკუთარი სათქმელი მათ მსგავსად, წერილობით წარუდგინონ. 

"წერილობით იქნება ეს წინადადება თუ არ იქნება წერილობით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება არჩევნებს სტაბილურობას, კოვიდვითარებას და ამის კავშირს იმ ვითარებასთან, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეიძლება დავაფიქსიროთ, მაგრამ მთავარი თემა, რაც არის რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით, არის მიუღებელი არათუ ჩვენთვის, მიუღებელია იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო მსოფლიოშია შექმნილი". - ამბობს ვოლსკი. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები