არჩევნები 2020

მელია: ქართული ოცნების ოცნებაა, ენმ-ის თუნდაც ერთი წევრი განიხილავდეს პარლამენტში შესვლას

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ენმ-ის ლიდერის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიამ სხდომაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი პარლამენტში შესვლას არ განიხილავს.

"გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ ქართული ოცნების ოცნება. კიდევ ერთხელ, პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ, თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც ერთადერთ გამოსავლად გვესახება პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის, ნაციონალური მოძრაობა არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია.

სტატუს კვო შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით, ან ქართული ოცნება რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან ქართული ოცნება ყველა გათვლებით და აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას". – თქვა ნიკა მელიამ.

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია იმ პირობებთან, რომლებითაც ისინი ელჩებთან შეხვედრაზე წარდგებიან. 

"შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომლებიც შეათანხმა ერთმანეთში ოპოზიციამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიიდან იყოს ერთიანი პოზიცია ამ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს წარდგება ოპოზიცია ელჩებთან მოლაპარაკებაზე". – თქვა სალომე სამადაშვილმა.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები