არჩევნები 2020

დეკანოიძე: გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდების მოწებება უნდათ – არ გამოვრიცხავ, დამაკავონ

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის უწყებებს, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მისთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის "ბრალდების მიწებება" უნდათ. დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ისიც დააკავონ, ვინაიდან პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებში მისი სახელი ფიგურირებს. 

"შეიძლება ემზადება იმისთვის, რომ ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყოს, მე არაფერს არ გამოვრიცხავ. სისულელეა და ეს არის ნაცვლიშვილის მორიგი, ჩვეულებრივი იდეოლოგიური პროპაგანდა. საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლოესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს, ახლა აღმოჩნდა, რომ მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ.

დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი. არ გამოვრიცხავ [ჩემ დაკავებას]". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა.

"ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: "ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე". ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: "რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა", ასევე – "არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება", რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს". – ნათქვამია მტკიცებულებების შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღეძრათ საქმე ამ მიმართულებით.

7 ნოემბერს განცხადებას ასევე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძეც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მთავრობის მხრიდან, წარმოუდგენელი უტიფრობაა, ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება. მისივე თქმით, მთავრობა ბედავს და უამრავ ადამიანზე ზეწოლისა და გაყალბებული არჩევნების შემდეგ, კვლავ ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს.

კომენტარები