ეკონომიკა

წელს დოლარი ძირითად კონკურენტებთან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

Reuters

მიმდინარე წელს ამერიკული დოლარი 10 მთავარ კონკურენტ ვალუტასთან მიმართებით, მიყოლებით, 7 თვის განმავლობაში უფასურდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის მიერ წარმოებული Dollar Spot Index ზომავს დოლარის გაცვლით კურსს კონკურენტ ვალუტებთან მიმართებით. 

გამოცემის ვარაუდით, დოლარი გაუფასურებას დეკემბერშიც გააგრძელებს. მიმდინარე წელს ამერიკული დოლარი შვეიცარულ ფრანკთან მიმართებით 8%-ით, ხოლო იაპონურ იენთან 4%-ით გაუფასურდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დოლართან მიმართებით რეკორდულ ნიშნულს მიაღწია კანადურმა და ავსტრალიურმა დოლარმა, ასევე, კორეულმა ვონმა. შვეიცარული ფრანკის მიმართება ამერიკულ დოლართან 2015 წლის შემდეგ საუკეთესოა. დოლართან მიმართებით 2018 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია ევრომაც და ამ დროისთვის 1 ევროს ღირებულება 1.2115 დოლარია. 

როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, აშშ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის მიღების მზარდი მოლოდინის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელების ფონზე, იზრდება გლობალური ეკონომიკის დინამიური აღდგენის მოლოდინები, რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო ამყარებს მოლოდინს, რომ დოლარი მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს გაუფასურებას.

იმავე აზრზე არიან ამერიკული საფონდო ბირჟების მოთამაშეები, ისინი ფიქრობენ, რომ დოლარი გააგრძელებს გაუფასურებას, ხოლო ფედერალური სარეზერვო სისტემა [აშშ-ს ცენტრალური ბანკი] დაბალ საბაზისო განაკვეთებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს. 2 დეკემბერს ფედერალური სისტემის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ უწყება დაბალ საბაზისო განაკვეთებს მანამ შეინარჩუნებს, სანამ ეკონომიკა არ დაძლევს პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფი და წარმატებული გავრცელების მოლოდინის ფონზე, დაჩქარდება გლობალური ეკონომიკის აღდგენის ტემპიც, რაც ასევე, ხელს შეუწყობს დოლარის დასუსტებას. ამგვარ ვითარებაში, ეს მომგებიანი იქნება ავსტრალიური დოლარისა და კორეული ვონისთვის. 

 

კომენტარები