არჩევნები 2020

ელისაშვილი: ოპოზიციამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის

droa.ge

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და მზად არიან ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართონ. ამის შესახებ ელისაშვილმა პარტია ლელო საქართველოსთვის ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა. 

"ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის". – ამბობს ელისაშვილი. 

მას არ დაუკონკრეტებია, რაზე შეჯერდა ოპოზიცია, თუმცა მისი განმარტებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. მისივე თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად შეთავაზებაც აქვს.

"ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე ქართული ოცნებისთვის კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ, შევხვდეთ". – ამბობს ელისაშვილი. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნები უცვლელია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

    კომენტარები