ეკონომიკა

"რისკის ქვეშ დგას 2 500 სამუშაო ადგილი" – მოლებისა და ბრენდული მაღაზიების მიმართვა

ghn

სავაჭრო ცენტრები და ამ ცენტრებში არსებული ტანსაცმლის ბრენდული მაღაზიები მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართავენ. საცალო გაყიდვების სექტორი მთავრობას იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რის წინაშეც სექტორი ახალი მასშტაბური შეზღუდვების შემდეგ აღმოჩნდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერ ორგანიზაციებში ჯამურად 15 000 ადამიანი მუშაობს და ახალი შეზღუდვების ფონზე, ამ მაჩვენებლის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. 

სექტორის წარმომადგენლების თქმით, რისკის ქვეშ დგას 2 500 სამუშაო ადგილი, ხოლო ახალი შეზღუდვების მოქმედების პერიოდში სექტორმა, შესაძლოა, 1 მილიარდი ლარი იზარალოს. 

სავაჭრო ცენტრები და ტანსაცმლის ბრენდული მაღაზიები მთავრობას თხოვენ, მუშაობის საშუალება არა 24 დეკემბრიდან, არამედ 1 კვირით ადრე 15 დეკემბრიდან მისცეს. 

  • გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას. სავაჭრო ცენტრები და საცალო სავაჭრო ობიექტები მზად არიან გაზარდონ კოვიდ-უსაფრთხოების ზომები ამ პერიოდში და უზრუნველყონ მომხმარებელთა ნაკადის რეგულირება
  • მოხდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.

განცხადების ხელმომწერები არიან სავაჭრო ცენტრები: თბილისი მოლი, ისტ პოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა, სიტი მოლი, გლდანი მოლი, ბრენდული ტანსაცმლის მაღაზიები: რითეილ გრუპ ჯორჯია, ვაიკიკი, ICR ჰოლდინგი, თრეიდლაინი - დრესაპი, ჯითექსი. 

იგივე თხოვნით მოლების ადმინისტრაციას მთავრობამ უკვე მიმართა, თუმცა მთავრობის პასუხი მათ ჯერ არ მიუღიათ. 

კომენტარები