ეკონომიკა

თურნავა: ძალიან გააქტიურებულები ვართ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თურნავას თქმით, მთავრობა ძალიან გააქტიურებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ეს შესაბამის შედეგს მალე გამოიღებს.

"პოსტკრიზისული გეგმა უკვე მოქმედებაშია პრაქტიკულად, იმ ნაწილში, რომ ჩვენ ძალიან გააქტიურებულები ვართ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მიუხედავად პანდემიისა, მეორე კვარტლის მონაცემები გვქონდა საკმაოდ დამაიმედებელი, როდესაც გარკვეული, თუნდაც მცირე ზრდა იყო. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო სიახლეები გვაქვს". – თქვა თურნავამ

როგორც ჩანს, თურნავა დამაიმედებელს უწოდებს წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.5%-იან ზრდას, რა დროსაც, პირველ კვარტალთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 1.2 მილიონი დოლარით გაიზარდა. 

რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, 2020 წლის 6 თვეში ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 409.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, მიმდინარე მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პანდემიის პირობებში ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელიც იყო, თუმცა პანდემიამდეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა.

კომენტარები