არჩევნები 2020

რიჟვაძე აქციის მონაწილეებს: ისე ნუ მოიქცევით, შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო

"ისე ნუ მოიქცევით, მშობლები ბათუმში შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო". – ასე მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 

"თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე. ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება. 

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით, მშობლები ბათუმში შვილებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთები არ გაიზარდოთო". – თქვა რიჟვაძემ. 

აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ საყვირებისა და შეძახილების ფონზე დაიწყო

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს საპროტესტო წარწერებით, რომელთა გაშვებაც შენობის ფანჯრებთან სურდათ. აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

საპროტესტო აქციები აჭარაში უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

ბათუმის მთავრობის სახლთან შეკრებილები ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც. მთავრობის სახლის მიმდებარედ გაშლილია კარავი.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები