არჩევნები 2020

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. 

"ორი პირია დაკავებული ადმინისტრაციული წესით. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. პოლიციელმა მიუთითა, რომ დაეცვათ დისტანცია, ამის მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის კორდონის მიღმა შესვლას. არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას და მოხდა მათი დაკავება". - თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში. 

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს საპროტესტო წარწერებით, რომელთა გაშვებაც შენობის ფანჯრებთან სურდათ. აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ საყვირებისა და შეძახილების ფონზე დაიწყო.

აქტივისტებმა ბუშტები აქციაზე გუშინაც მიიტანეს. კონსტანტინე ანანიაშვილმა გუშინ, 30 ნოემბერს თქვა, რომ ბუშტები დაცვის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, რადგან მათ შენობის უსაფრთხოების დაცვა ევალებათ.  

საპროტესტო აქციები აჭარაში უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

ბათუმის მთავრობის სახლთან შეკრებილები ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც. მთავრობის სახლის მიმდებარედ გაშლილია კარავი.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები