არჩევნები 2020

გირჩი: საბიუჯეტო დახმარებას არ ვიღებთ და TESLA-საც ვეღარ ვათამაშებთ

გირჩში ამბობენ, რომ, რადგან პარტია უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ამომრჩევლებისთვის დაპირებულ TESLA-ს ვეღარ გაათამაშებს.

გირჩი მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას მისცემდა ხმას, ტესლას მანქანის გათამაშებას აპირებდა. მიზანი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წახალისება იყო.

გთავაზობთ პარტიის განცხადებას უცვლელად:

"ქართული ოცნების საკამათოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, გირჩს ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული. ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის ტესლას ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება მიიღო რვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ მომენტისთვის, არავინ არ ვაღიარებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იგივე საარჩევნო პროცესის შედეგად წარმოშობილმა საბიუჯეტო დაფინანსების უფლების გამოყენების საკითხმა.
პარტიების უმრავლესობამ მოითხოვა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ ბოიკოტს აგრძელებს. პარტიებს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ, რისი გაცნობაც შეიძლება მედია- და სოციალურ სივრცეში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, ტესლას გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არაღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.

ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ტესლას ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ". – წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები