ეკონომიკა

სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე

ghn

თბილისში მდებარე 5 სავაჭრო ცენტრი მთავრობას საგანგებო ღია წერილით მიმართავს. მოლები მთავრობას სთხოვენ, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. 

ამასთანავე, მოლების საერთო განცხადებაში განმარტებულია, თუ რა რისკებს შეიცავს მათი საქმიანობის მიმართ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი ორთვიანი შეზღდუვები. 

მოლები მთავრობას, ასევე, სთხოვენ, მათზეც გავრცელდეს საგადასახადო თუ სხვა სახის შეღავათები, რომლითაც წელს ტურიზმის სექტორმა ისარგებლა. 

მოლების მიერ გაჟღერებული მოთხოვნების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან-3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას;
  • 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმება, რომლის გადახდის ვადაც იწურება 30 ნოემბერს საშუალებას მოგვცემს, გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ და, ასევე, მინიმუმ, შემდგომი 4 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი;

  • 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის გაგრძელება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე;

  • ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ეროვნული ბანკის ჩართვა და დახმარება, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება სესხების 12-თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებაზე და ამავე დროს მინიმუმ 6 თვის საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება. ამ პერიოდში საბანკო სექტორი მიიღებს საპროცენტო შემოსავალს, რაც მათთვისაც კრიტიკულია.

განცხადებას ხელს აწერენ თბილისში მდებარე გლდანი მოლი, თბილისი მოლი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა და სითი მოლი. 

კომენტარები