არჩევნები 2020

თარხნიშვილი: პარლამენტის პირველი სხდომის დღეს სიმბოლური აქციის ჩატარება განიხილება

ფორმულა

ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის ცნობით, ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის დღისთვის სიმბოლური აქციის ჩატარებას განიხილავს. მისივე თქმით, ზუსტი გადაწყვეტილება საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება. 

"შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება დღეიდან, არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული მდგომარეობიდან და რეალობიდან გამომდინარე. 

განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. უახლოეს დღეებში ამას საბოლოოდ დავადგენთ და გავაცნობთ საზოგადოებას". – თქვა ლევან თარხნიშვილმა პარტია ლელოს ოფისში შესვლამდე, სადაც ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იმართება.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები