აშშ-თურეთი

თურქეთი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს S-400-ების გამო სანქციებს არ ელის – Reuters

ერდოღანის სამართლისა და განვითარების პარტიაში მაღალი რანგის პირმა თქვა, რომ თურქეთი აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციებს და აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვას არ ელის.  

"დიდი ალბათობით, აშშ-ს პრეზიდენტი აშშ-ს ინტერესებისთვის ძალიან ფრთხილად დააკვირდება ბალანსს ახლო აღმოსავლეთში და არ ენდომება თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გაგრძელება... მე მჯერა, რომ ისინი მომავალში პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამენ". - თქვა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნუმან კურტულმუსმა.

S-400-ებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თურქეთი რუსული სისტემების დაბრუნების ან მათი გამოუყენებლად დატოვების წნეხს თავს არ დაუხრის: "ბოდიში, მაგრამ ჩვენ ესენი დასამალად არ შეგვიძენია. თურქეთის უსაფრთიებისთვის შევიძინეთ".

2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.

აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.

23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს უკვე ცდის და აშშ-ს პოზიცია არ აინტერესებს.

კომენტარები