კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დადგება დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას უამრავი მიზეზი აქვს და ამ ეტაპზე "მტყუან-მართლის გარჩევაზე" ლაპარაკი ზედმეტია. 

როგორც ლევან რატიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, "დადგება დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა". რეანიმატოლოგის თქმით, ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული იყოს. 

"მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ". – ამბობს ლევან რატიანი. 

რეანიმატოლოგის განმარტებით, მოვლაში ის იგულისხმება, რომ უპირველეს ყოვლისა, თავად არ გავხდეთ ინფიცირებული, რადგან ასეთ შემთხვევაში, ვირუსის გამავრცელებლებიც გავხდებით. 

"ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ.

ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზედედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი, ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია, ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა. ჩვენს საზოგადოებას არ აკლია, მაგრამ ერთმანეთის მოვლა და მზრუნველობა ვისწავლოთ ერთად, მხოლოდ და მხოლოდ ეს გადაგვარჩენს ამ ეტაპზე". – თქვა ლევან რატიანმა. 

23 ნოემბერს ლევან რატიანმა თქვა, რომ "ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია, ვისაც ვერ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია, რომ ეს პროცესი მართოს". 

მოგვიანებით მის ნათქვამს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძემ გამორიცხა, რომ ლევან რატიანი მასზე საუბრობდა, რადგან მისივე განმარტებით, მას არც თავდაჯერებულობა სჩვევია და არც ქედმაღლობა. 

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები