ნიკოლა სარკოზის საქმე

ნიკოლა სარკოზიმ ლა სანტეს ციხეში 5-წლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში 5-წლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.

სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა, რომ უდანაშაულოა.

"უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს". - წერს სარკოზი.

ამასთან, ციხის დირექტორის თქმით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის გამოყენების შესაძლებლობა – სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. მაის ოჯახის წევრებს კი მისი ნახვა კვირაში ორჯერ შეეძლებათ.

სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.


ცნობისთვის, სასამართლომ სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის მას შემდეგ, რაც 2007 წელს, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს ნება დართო, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.

მას განაჩენი გასაჩივრებულიც აქვს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს, თუმცა, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებების სიმძიმის გამო, საჩივრის მიუხედავად, სარკოზის დაუყოვნებლივ დაპატიმრება იყო საჭირო.

ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონისტი ფილიპ პეტენის შემდეგ საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც სასჯელს ციხეში მოიხდის. იგი მიმდინარე წლის დასაწყისში კორუფციის ბრალდებით შინაპატიმრობაშიც იმყოფებოდა.

კომენტარები