არჩევნები 2020

კაპანაძე EU-ის წარმომადგენლობაზე: ოპოზიცია მათ მეგობრულ მოსაზრებას არ გაითვალისწინებს

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც წარმომადგენლობა ოპოზიციას მოუწოდებს, გამოიყენოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატები. კაპანაძის თქმით, ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების აზრს, მაგრამ მათ კონკრეტულ მეგობრულ მოსაზრებას არ გაითვალისწინებენ. 

"გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ჩვენ, მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა.

არცერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, პრაქტიკულად არცერთი მოთხოვნა გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხრიდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავალის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე". – თქვა სერგი კაპანაძე.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გამოაქვეყნა. წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები