არჩევნები 2020

სამადაშვილი: წაკითხულიდან აზრის გამოტანას ვინმე თუ ვერ ახერხებს, მე ვერ დავეხმარები

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საკუთარ Facebook პოსტზე მიმართავს მათ, ვინც პოსტს გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, "წაკითხულის შინაარსიდან აზრის გამოტანას ვინმე თუ ვერ ახერხებს", ის ვერ დაეხმარება. მისივე თქმით, მისი პოსტის შინაარსი ოპოზიციისთვის მოწოდება იყო, რომ დაიწყონ მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. 

"ვწუხვარ, წაკითხულის შინაარსიდან აზრის გამოტანას ვინმე თუ ვერ ახერხებს, მე ვერ დავეხმარები. მე არ განვეკუთვნები იმ პოლიტიკოსების რიცხვს, ვინც ხალხს ეუბნება იმას, რის გაგონებაც მათ უნდათ. შეიძლება 2 000 ლაიქი დამემსახურებინა და მეთქვა, რომ პარლამენტში არ შევდივართ და ბიძინა ივანიშვილი 1 თვეში დასრულდება. ასეთ სისულელეს მე, ცხადია, არ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული შეიძლება იყოს ეს პოსტი.

ჩემი პოსტის შინაარსი იყო ის, რომ მსჯელობა დავიწყოთ, რა გვინდა – საით მივდივართ". – თქვა სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.  

სალომე სამადაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ "ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ".

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები