არჩევნები 2020

მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას დებატებს, უარი აღიქმება სრულ კაპიტულაციად

ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა დებატებში. მისივე თქმით, უარი ოპოზიციის მხრიდან ჩაითვლება სრულ კაპიტულაციად. 

რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას, რომ დებატები ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით ჩატარდეს, მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანია, "გამართონ შოუ, მოაწყონ ისტერიკა და ამ ყვირილსა და შეურაცხყოფაში საზოგადოებამ სიმართლე კვლავ ვერ გაარკვიოს". 

"სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით აარიდეს მათ თავი მანამდე უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა". - ამბობს მდინარაძე გამართულ ბრიფინგზე. 

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, უარს იმიტომ ამბობს, რომ დებატებისას გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც "მათ არ აწყობთ". 

"მათ მიერ უარის თქმას შეიძლება ჰქონდეს ორი მთვარი მიზეზი: პირველი, მათ არ უნდათ, ეშინიათ და არ აწყობთ ის სიმართლე, რომელიც ამ ჯანსაღი დებატების დროს გამოიკვეთება და ის ყველაფერი, რასაც ისინი უმტკიცებენ საზოგადოებას, აღმოჩნდება ტყუილი; და მეორე, თუ მაინც მოუწევთ მათ მონაწილეობა, გვთავაზობენ ფორმატს, რომელიც იქნება მხოლოდ შოუ და მისი მიმდინარეობის დროს საზოგადოება კვლავ ვერ გაიგებს სიმართლეს. 

უამრავ საკითხზე სპეკულირებენ. ყველა საკითხი პასუხგაცემულია, ახლა ბოლო დარჩა საჩივრების თემა და ამასაც გაეცემა პასუხი ამ დებატებზე". - ამბობს მდინარაძე. 

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხულ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასაუბროდ ოპოზიციური პარტიები დებატებში 16 ნოემბერს გამოიწვია. ამის შემდეგ ევროპულმა საქართველომ, ლელომ, გირჩმა, სტრატეგია აღმაშენებელმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ".

"ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბსა და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ, რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს. 

შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ". - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურებში. ქუჩის პროტესტის პარალელურად, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის უკვე ორი შეხვედრა შედგა.

კომენტარები