სომხეთი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სამომავლო სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

ნიკოლ ფაშინიანი

ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე სამომავლო სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. ფაშინიანმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ ახლა სომხეთში მდგომარეობის დარეგულირებისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტაბილიზაცია მისი მოვალეობაა. ფაშინიანმა 15-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა. 

"დროა, ვისაუბროთ იმ გზებზე, მეთოდებსა და პროგრამებზე, რომელთა საშუალებითაც გადავლახავთ შექმნილ მდგომარეობას". – წერს ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანს სურს, მთიანი ყარაბაღზე მოლაპარაკებების პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში დააბრუნოს და პრიორიტეტად აქციოს მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეთნიკური სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის დაბრუნება. ფაშინიანის გეგმის თანახმად, უნდა დაიწყოს მუშაობა ყარაბაღის რეგიონში დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, მოხდეს დაღუპული სამხედროების ოჯახების სოციალური დახმარება და ომში დაჭრილებმა მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი.

ფაშინიანმა თქვა, რომ სურს, დააყენოს მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსის საკითხი, გაატაროს სამხედრო რეფორმა, შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ფოკუსირდეს კორონავირუსთან გამკლავებასა და ეკონომიკაზე.

"2021 წლის ივნისში წარვადგენ მოხსენებას ამ გეგმაზე... საზოგადოების მოსაზრებები და რეაქცია გათვალისწინებული იქნება მომავალი მოქმედებების გადაწყვეტისას". – წერს ფაშინიანი.

ოპოზიციის მოთხოვნების მიუხედავად, სომხეთის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგომას არ არ აპირებს. ფაშინიანის გადადგომას ოპოზიცია მთიანი ყარაბაღის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ითხოვს. ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ერევანში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქციები.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

11 ნოემბერს ერევანში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები