ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში ახალი კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ბათუმში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 57 წლის ექთანი გარდაიცვალა. როგორც ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, გარდაცვლილი შუახევის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. მკურნალობის კურსს კი ბათუმში, კლინიკა მედ ცენტრში გადიოდა.

უწყების თქმით, ექთანი კლინიკაში 30 ოქტომბერს გადაიყვანეს, გუშინ კი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

გასულ დღე-ღამეში აღრიცხული კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 515 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

18 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი გარდაიცვალა. სულ 17 086 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები