არჩევნები 2020

5 ოპოზიციური პარტია დებატებს ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით დათანხმდება

youthareawesome.com

5 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან დებატებს ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით დათანხმდება. ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ეხმაურება.

"ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია, უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბსა და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ, რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს. 

შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ". - ნათქვამია განცხადებაში.

ართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხულ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასაუბროდ ოპოზიციური პარტიები დებატებში 16 ნოემბერს გამოიწვია.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურებში. ქუჩის პროტესტის პარალელურად, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის უკვე ორი შეხვედრა შედგა.

კომენტარები