მაიკ პომპეოს ვიზიტი

პომპეო: ერთად ვიმუშავებთ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მტკივნეულ და რთულ საკითხებზე

მაიკ პომპეო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრაზე მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

პომპეომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ოკუპაციის საკითხებში. სახელმწიფო მდივანმა, აღნიშნა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად და ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

„ბატონო პრემიერმინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენ მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“. – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეო მსოფლიოში კორონავირუსისგან შექმნილ გამოწვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვირუსს ერთიანი ძალებით გავუმკლავდებით.

მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის". – თქვა პომპეომ.

პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს ხვდება.

კომენტარები