მაიკ პომპეოს ვიზიტი

წიქარაშვილი პომპეოსთან შეხვედრაზე: ფოკუსი იყო სასამართლოში კლანური მმართველობის პრობლემა

კახა წიქარაშვილი
რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრეს.

ორგანიზაცია უფლებები საქართველოს წარმომადგენლის, კახა წიქარაშვილის თანახმად, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული კლანური, არაფორმალური მმართველობის პრობლემები.

"ჩემი მთავარი საუბრის თემა იყო სასამართლო. ჩვენ ვთქვით, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვქონდა მახინჯი სასამართლო სისტემა და ეს მახინჯი სასამართლო სისტემა ქართულმა ოცნებამ დააკანონა 40-წლიანი პერსპექტივით. სასაუბროდ გვქონდა მცირე დრო, ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო სასამართლოში არსებული პრობლემა, ის პრობლემა რასაც კლანური მმართველობა, არაფორმალური მმართველობა ჰქვია. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს პრობლემა იყო დროებითი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევძლებდით ამ პრობლემის მოგვარებას, ვინაიდან მოსამართლეები დანიშნული იყვნენ ათი წლის ვადით, მათ გასდიოდათ უფლებამოსილების ვადები და შეიძლებოდა ამ მახინჯი სისტემის შეცვლა". – თქვა წიქარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა წიქარაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებზე საუბარი იყო ძირითადად სასამართლოსა და სასამართლოში განხილული საქმეების კუთხით.

"ჩვენ არჩევნებზე შედარებით ნაკლები საუბარი გვქონდა. არჩევნებზე საუბარი გვქონდა მხოლოდ სასამართლოს კუთხით. სასამართლოში განხილული საქმეების კუთხით, რომლებზეც სასამართლო იჩენს მიკერძოებას და ეს ჩანს". – თქვა წიქარაშვილმა.

უფლებები საქართველოს წარმომადგენლის თანახმად, სახელმწიფო მდივანი დაინტერესდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მტკიცებულებებით. წიქარაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი მტკიცებულებები მომდინარეობს კონკრეტული საქმეებიდან, რომლებშიც სასამართლომ გამოიჩინა მიკერძოებულობა, გადახრა ამა თუ იმ ინტერესის სასარგებლოდ. ასეთი საქმეების მაგალითებად მან ფილიპ მორისისა და დავითგარეჯის საქმე დაასახელა.

"მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ სასამართლოში არის არაფორმალური მმართველობა და ჯგუფი, რომელიც მართავს [სასამართლოს] შიგნიდან, გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა. სასამართლო სისტემა იმართება შიდა გავლენებით და ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური ხასიათის". – თქვა წიქარაშვილმა.

კახა წიქარაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც და აშშ-ს საელჩოც ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. ის ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ბოლოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

კომენტარები