მაიკ პომპეოს ვიზიტი

ევგენიძე: საუბარი გვქონდა კანონის უზენაესობაზე და არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე

ტაბულა


აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საუბრის დეტალებზე კომენტარს აკეთებენ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით, საუბრისას ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და არაფორმალური მმართველობა. 

"ჩვენ, ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ ასევე იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის.

რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რადგან ანაკლიის პორტის ჩაშლა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმისთვის რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა". – თქვა ნინო ევგენიძემ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. ის ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ბოლოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.



 

კომენტარები