მაიკ პომპეოს ვიზიტი

საელჩო: პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, "სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული".

"შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა". - აცხადებს საელჩო.

პრეზიდენტის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ხვდება.

11:15 საათზე დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პომპეო ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. შეხვედრა სასტუმრო შერატონში 12:05-ზე შედგება.

ამის პარალელურად ოპოზიცია გამართავს მდუმარე აქციას – "გაყალბებულია".

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში იმართება.

კომენტარები