არჩევნები 2020

კაპანაძე: დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე და არა ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მათთვის "ოცნებასთან" დებატები პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც, როგორც კაპანაძე განმარტავს, პარტიაში ამისთვის მზად არიან. თუმცა, ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები კონსულტაციის შემდეგ ჩამოყალიბდებიან საერთო პოზიციაზე.

კაპანაძის თქმით, ჩნდება სერიოზული კითხვები, თუ რამდენად რელევანტურია ახლა, არჩევნების შემდეგ დებატები.

"დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას აწუხებს და არა ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა, იმაზე, თუ რა ფორმით გადაბრუნდა ეს ურემი, ამიტომ ცოტა პანიკის ნიშნებია ხელისუფლების მხრიდან, როცა ახლა იმაზე გვთავაზობენ დებატებს გაყალბდა თუ არა არჩევნები. არჩევნები არის უკვე გაყალბებული და ახლა ვართ ყველა იმ მდგომარეობაში, როცა დაიწერეს პროცენტი და არჩევანი აქვთ ახლა ან არალეგიტიმური პარლამენტი, ან ამ პროცესის ასე გაგრძელება, ან ახალი არჩევნები". – ამბობს სერგი კაპანაძე.

გუშინ, 16 ნოემბერს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხულ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასაუბროდ ოპოზიციური პარტიები დებატებში გამოიწვია.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურებში. ქუჩის პროტესტის პარალელურად, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის უკვე ორი შეხვედრა შედგა. 

კომენტარები