არჩევნები 2020

ნათელაშვილმა არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. 

"მე, შალვა ნათელაშვილი, უარს ვაცხადებ მივიღო მონაწილეობა ნაძალადევის რაიონში, მეორე ტურად წოდებულ, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტურში, რადგან ეს იქნება ჩემი ამაყი ნაძალადეველებისა და სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა, იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების პირველი ტური გააყალბა, თავს ლაფი დაგვასხა, ძალაუფლება მიიტაცა და ცდილობს შედეგები დაიკანონოს". – ამბობს ნათელაშვილი და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"მათი ოჯახის წევრად ვრჩები, მათ დეპუტატად ვრჩები, მიუხედავად იმისა ოფიციალური სტატუსი იქნება, თუ ასეთი იქნება. მათ გვერდით ვარ, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ, მთელმა საქართველომ, სადაც ხმას ექნება ფასი და ადამიანებს შეეძლებათ აირჩიონ ის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში კოალიციური მთავრობა იმუშავებს და არ დააგირავებს ხალხის ნებას". – აღნიშნა ნათელაშვილმა და ხალხს მოუწოდა, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შაბათს, 21 ნოემბერს ჩატარდება. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

 

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები