არჩევნები 2020

ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ ოპოზიციას დებატებში იწვევს

პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხულ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასაუბროდ ოპოზიციურ პარტიებს დებატებში იწვევს. 

ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ტელეკომპანიას შესთავაზა, მისი ოპონენტები ამ თემაზე სადებატოდ მიიწვიონ. 

"რეალურად, ციფრები, სტატისტიკა, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რაიმე სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ ყოფილა. ყველაფრით დასტურდება ეს, თუმცა, ისინი გაურბიან ფაქტებს და მანიპულირებენ მუდმივად. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ახლა, რომ შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები. მე მზად ვარ.

დავსხდეთ და დავამტკიცებთ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურებში. ქუჩის პროტესტის პარალელურად, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის უკვე ორი შეხვედრა შედგა. 

კომენტარები