არჩევნები 2020

უგულავა ხელისუფლებაზე: ამისთანა უგუნურებისგანაც რაღაც გონიერებას ველოდები

ევროპული საქართველო

"იმედი ბოლოს კვდება და ამისთანა უგუნურებისგანაც რაღაც გონიერებას ველოდები". – ასე განმარტავს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თავის განცხადებას, რომ მოლაპარაკებების შედეგად ხელისუფლებისგან გონივრულ ნაბიჯს ელოდება. 

როგორც ოპოზიციურმა ლიდერმა TV პირველის ეთერში ისაუბრა, ის, რაზეც ვერასდროს შეთანხმდებიან ოპოზიციური პარტიები და ქართული ოცნება, არის 31 ოქტომბრის არჩევნების შეფასება. 

"ჩვენთვის, პოლიტიკური ოპოზიციისთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს იქნება ტოტალურად გაყალბებული არჩევნები, ხოლო იქით ქართული ოცნებისთვის ეს იქნება საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები". – ამბობს გიგი უგულავა. 

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ამ ვითარებაში "ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არის ჩიხი". სწორედ ამიტომ ამუშავებს ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარეს ასე სწრაფად, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ამ არჩევნების შედეგები, რადგან შემდეგ დაიწყონ საუბარი კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც მისივე განმარტებით, ვადამდელი არჩევნებია. 

"ხელახალი არჩევნები სხვა არის და ვადამდელი არჩევნები – სხვა. კალაძე გამოვიდა და ასე რიხიანი ვირეშმაკობით გვითხრა, "ხელახალი არჩევნები არ იქნება"! ვადამდელ არჩევნებს ასეთი პოლიტიკურად ბეციც კი ვერ გამორიცხავს.

ბრიყვი ხარ, თუ ვადამდელს გამორიცხავ, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები, ზოგადად, არასდროს არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ესენი ჩქარობენ, რომ გააფორმონ, რომ ეს არჩევნები შედგა და შემდეგ უკვე კომპრომისის სახით შევთავაზებთ, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნონ გაზაფხულზე". – თქვა გიგი უგულავამ. 

არცერთი ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და უარს ამბობს, მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურებში, რომელიც 30-დან 17 საარჩევნო ოლქშია დანიშნულია. ქუჩის პროტესტის პარალელურად, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 

კომენტარები