არჩევნები 2020

ჯაფარიძე: IRI-ის ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო დარღვევების მთელი თაიგული

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე, IRI-ის ევრაზიის დირექტორის, სტივენ ნიქსის, განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიქსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები. 

ჯაფარიძის თქმით, სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია აცხადებს, რომ ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

"IRI-ის დირექტორის, ბატონი სტივენ ნიქსის შეფასება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვიმეორებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ურიცხვ დარღვევას. პრაქტიკულად არ დარჩა დარღვევის სახეობა, რომელიც არ განხორციელდა. ფაქტია, ბატონი სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია ვაცხადებთ - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 

​IRI-ის ანგარიში კიდევ უფრო მკაცრია შეფასებებში, ვიდრე ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის შეფასება - ეს არის მართლაც მთელი თაიგული დარღვევების, რომელზეც IRI საუბრობს. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა  გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას". – ამბობს ჯაფარიძე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) დღეს ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური პარტიები 21 ნოემბერს ჩანიშნული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს - ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები