სომხეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ზოგრაბ მნაცაკანიანი
RIA

ორშაბათს, მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ გადაწყვიტა, თანამდებობიდან გადაეყენებინა საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა Facebook-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა მნაცაკანიანის განცხადება გადადგომის შესახებ.

ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა პრესმდივანმა, ნაგდალიამა უარყო პრემიერმინისტრის სიტყვები და თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობის დარეგულირებისთვის გამართულ არცერთ მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანისთვის ქალაქ შუშის დათმობის საკითხი არ დამდგარა.

ფაშინიანი ამბობს, რომ შუშის საკითხი იყო ომის შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობა.

"მე მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გავათავისუფლო საგარეო საქმეთა მინისტრი. შუშა, როგორც ომის შეწყვეტის წინაპირობა, იყო პროექტში. ეს უდაო ფაქტია... როცა საუბარია სამშვიდობო პროცესზე.. რომ ყოფილიყო ასეთი კარგი ვარიანტი, რატომ არ გადაწყდა საკითხი ბოლო 30 წლის და ბოლო 2.5 წლის მანძილზე". - თქვა ფაშინანმა.

ცოტა ხნის წინ ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციამდე, 2016 წლიდან მოყოლებული სომხეთში არსებობდა აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის, მათ შორის შუშის გადაცემის გეგმა.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. აზერბაიჯანს ასევე გადაეცემა აღდამის რეგიონი, ქალბაჯარის რეგიონი და ლაჩინის რეგიონი. მთიანი ყარაბაღის რეგიონში ასევე განთავსდება რუსული სამშვიდობო ძალების 1960-კაციანი კონტინგენტი.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები