არჩევნები 2020

კაპანაძე: ევროპული საქართველო საარჩევნო ოლქებიდან კომისიის წევრებს გამოიხმობს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოიხმოს კომისიის წევრები, ჯამში 1922 კომისიის წევრი. კაპანაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური და ქართულ ოცნებას მოუწევს, რომ ე.წ მეორე ტურები ფორმალურად ჩაატაროს.

"ჩვენ ვნახეთ, როგორ პირობებში ჩაატარა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არჩევნები, ვნახეთ დაშინება, მოსყიდვა, ოქმების გაყალბება, ვნახეთ გაყალბებული ხელმოწერები და ვნახეთ, რომ არცერთი მოთხოვნა უბნების გადათვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არც საოლქომ, არც ცესკომ და არც სასამართლოებმა, დღეს სასამართლომ კიდევ ერთი წერტილი დასვა ამ გასაჩივრების პროცედურაზე.

აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში ევროპული საქართველოს 1922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს". – თქვა კაპანაძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური პარტიები 21 ნოემბერს ჩანიშნულ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები