არჩევნები 2020

IRI: არჩევნებზე გამოვლინდა მოსყიდვა, დამკვირვებლებზე ზეწოლა და ოქმებში ციფრებით მანიპულირება

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის.

"საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა." – თქვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის  მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

"იმ რეფორმების მიზნები და სულისკვეთება, რომლებიც მიმართული იყო მრავალპარტიული დემოკრატიისა და კოალიციური მმართველობის მხარდაჭერისკენ, დააზიანა კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარმა დარღვევებმა, რომლებიც სანდო ცნობებშია აღწერილი. მათ შორის, დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება". – აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციასთან არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა. თუმცა, პროცედურული კუთხით შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (განსაკუთრებით ქვედა დონეებზე) დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ორგანიზაცია ანგარიშით საქართველოს ახალ მთავრობას მოუწოდებს გრძელვადიან პერსპექტივაში, იმუშაოს რეფორმებზე, რომლებიც არჩევნების გამჭირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური პარტიები 21 ნოემბერს ჩანიშნულ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები