არჩევნები 2020

ცესკო: იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ხმის მისაცემად 15-17 ნოემბერს უნდა მოგვმართონ

ცესკო

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს, გადასატანი საარჩევნო ყუთების მოთხოვნით იზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს 15-16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე და 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ნომერზე 251-00-51 (0). გადასატანი ყუთით ხმის მიცემას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც შესაბამისი უწყებების მონაცემთა ბაზაში არიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული და ტარდება მეორე ტური.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს, 21 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.  

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია – თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები