ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში 102 წლის ბებომ, რომელმაც COVID 19 დაამარცხა, კლინიკა დატოვა

102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა დატოვა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს. მოხუცი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა.

გალინა ბებო კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს, –"102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 74 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე, გვყავს ჩვილებიც". – თქვა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 76 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 17 289 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები