ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 3 504 ახალი შემთხვევიდან 1 232 თბილისში აღირიცხა, 619 – იმერეთში, 603 – აჭარა

გასულ დღე-ღამეში აღრიცხული კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 232 აღირიცხა, აჭარაში - 603, იმერეთში - 619, ქვემო ქართლში - 112. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში ვირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გურიაში – 94, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 397, კახეთში – 102, მცხეთა-მთიანეთში – 97, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 22.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით 33 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან თბილისში – 10, აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1 და სამცხე-ჯავახეთშიც – 1 ადამიანი.

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 76 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 17 289 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები