ახალი კორონავირუსი საქართველოში

დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება

9 ნოემბრის შემდეგ დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ დღეს იმსჯელეს საკორდინაციო საბჭოზე, რომელიც ჩატარდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს "წერტილოვანი და ლოკალური" მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში 3 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 957 პირი.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები