არჩევნები 2020

სამადაშვილი ვაშაძეზე: დღეს მოლაპარაკება შედგა – ნიშანია, ჰქონდა საფუძველი ეთქვა, რაც თქვა

ფორმულა

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა ნიშანია. პარტიის თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს საფუძველი ჰქონდა, ეთქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".

"ბატონი ვაშაძე როდესაც ამას აცხადებს, აქვს ამის საფუძველი და ძალიან საწყენია ზოგიერთი კოლეგის მხრიდან მისთვის უსაფუძვლო დაბრალება, რომ ის იტყუება. ძალიან უხეში შეფასებები გაკეთდა და, პირდაპირ ვიტყვი, უსაფუძვლო. ზოგადად, ვფიქრობ, ეს არ არის საინტერესო საკითხი. მოლაპარაკებები დღეს დაიწყო. ამ მოლაპარაკებებზე არის წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც გადალახა ბარიერი და აქვთ შესაძლებლობა, რომ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში. 

თავისთავად, ის ფაქტი, რომ გუშინ ბატონი ვაშაძე საუბრობდა ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და დღეს ეს მოლაპარაკებები შედგა, მე მგონი, თავისთავად არის უკვე ძალიან კარგი ნიშანიც, მათ შორის, იმის ნიშანიც, რომ, ეტყობა, ჰქონდა საფუძველი ბატონ ვაშაძეს, რომ ეთქვა ის, რაც თქვა". - ამბობს სამადაშვილი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.  

თუმცა ოპოზიციის წევრებისთვის გაუგებარია, რა დიალოგზე საუბრობს ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვაშაძე ცრუობს და მისგან დამატებით განმარტებას ელიან. ვაშაძის მიერ ნახსენებ დიალოგზე ინფორმაცია არ აქვთ არც ნაციონალურ მოძრაობაში. ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ ვაშაძეს საერთაშორისო პარტნიორებთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. 

გუშინ, 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

10 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა: "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები