არჩევნები 2020

თალაკვაძე: დიალოგის დაწყება პოზიციების დაახლოებას ემსახურება

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეთანხმებას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ დიალოგის დაწყება მათ შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურება. 

"ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყისი. პირველ შეხვედრაზე არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური, ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები.

დიალოგის დაწყება ემსახურება პოზიციების დაახლოებას და პირველ შეხვედრას შევაფასებდი პოზიტიურად". – თქვა თალაკვაძემ.

დღეს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები