არჩევნები 2020

ბოკერია ვაშაძეზე: შეშინებული ადამიანის პოზიციაა, რომელიც ცდილობს, ხელი სხვისკენ გაიშვიროს

გრიგოლ ვაშაძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. კონკრეტული მოლაპარაკებების რაუნდი ჯერ დაგეგმილიც არ იყო, როცა მან ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს, ამ მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძე არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს ოპოზიციას. ეს შეშინებული ადამიანის პოზიციაა, რომელიც ცდილობს, ხელი სხვისკენ გაიშვიროს. მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და მასში მონაწილეობას ყველა ის პარტია იღებს, ვინც ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

ვაშაძის საუბარი მდარე ცნობიერების ნაკადის გარდა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი კრიზისის პირობებში წნეხს ვერ უძლებს და ირყევა "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა". ასეთ დროს პოლიტიკური ლიდერისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვებისკენ თითის გაშვერა, ძალიან ცუდი საქციელია.

ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია და ეს პოზიცია ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან (გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთად საერთო განცხადებაში დავაფიქსირეთ.

1. ბუნებრივია, დიალოგის მომხრეები ვართ იმ საკითხზე, რამაც საბოლოოდ კრიზისი შექმნა - უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს ბევრი რამის შეცვლას, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისა და სტრუქტურის, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ა.შ.

2. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც ივანიშვილს გაყალბებული შედეგებით უნარჩუნებს ძალაუფლებას - კოსმეტიკური ცვლილებები ცალკეული უბნების გაუქმების სახით არაფერს არ შეცვლის.

3. ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს, მის სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ ამ ყველაფერზე გულწრფელად და საფუძვლიანად აღშფოთებული მოქალაქეებისგან არ უნდა მოხდეს ძალადობრივი რეაგირება. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც ასეთ ქმედებას მიმართავს, თავად გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს.

წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. გრიგოლ ვაშაძემ 11 ნოემბერს თქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".

კომენტარები