არჩევნები 2020

უგულავა: ვაშაძე ოპოზიციის სახელით მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან არ აწარმოებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან არანაირ ოლაპარაკებას არ აწარმოებს, - თქვა უგულავამ ლელოს ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"არანაირ მოლაპარაკებას, პირდაპირ გეტყვით, გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია ტყუილია. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ოპოზიიცის სახელით რაიმე მოლაპარაკებას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებს. მე ვამბობ ოპოზიციის სახელით". – ამბობს გიგი უგულავა.

გუშინ, 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

თუმცა, ოპოზიციის წევრებისთვის გაურკვეველია, რა დიალოგზე საუბრობს ენმ-ის თავმჯდომარე და, მათივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, რა მოლაპარაკება ჩაიშალა.

10 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

დიალოგის შესახებ, რომელზეც ვაშაძე საუბრობს, ინფრომაცია არ აქვთ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ვაშაძეს "შესაძლოა სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა."

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები