არჩევნები 2020

ბუაძე ვაშაძეზე: მისი ფანტაზიის ნაყოფს ჰგავს, რაზეც საუბრობს, ძალიან დესტრუქციული ქმედებაა

"პირადად ჩემთვის, ეს ჰგავს გრიგოლ ვაშაძის ფანტაზიის ნაყოფს". - ასე ეხმაურება ლელოს წევრი, საბა ბუაძე ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სიტყვებს, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა." 

"ნაციონალურ მოძრაობას ჩვენთან მიმდინარე შეხვედრებში წარმოადგენენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და სხვები. მათი პოზიცია არის სრულ თანხვედრაში დანარჩენი ოპოზიციის პოზიციებთან. ამიტომ, ის, რაზეც ბატონი ვაშაძე საუბრობს, არის გაუგებარი და ძალიან დესტრუქციული ქმედება, რომ არაფერი ვთქვათ მის სიმართლესთან შესაბამისობაზე". - ამბობს ბუაძე. 

გუშინ, 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

თუმცა, ოპოზიციის წევრებისთვის გაურკვეველია, რა დიალოგზე საუბრობს ენმ-ის თავმჯდომარე და, მათივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, რა მოლაპარაკება ჩაიშალა.

10 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

დიალოგის შესახებ, რომელზეც ვაშაძე საუბრობს, ინფრომაცია არ აქვთ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ვაშაძეს "შესაძლოა სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა."

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები