არჩევნები 2020

უდუმაშვილი ვაშაძეზე: არ ვფლობ ინფორმაციას, შესაძლოა, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა

მთავარი არხი

"შესაძლოა, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა". - ენმ-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სიტყვებს , რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა". 

"მე არ ვფლობ ამის შესახებ ინფორმაციას. შესაძლოა, ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ვითარება ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა, ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიდექით, მერე ცესკოსთან და, შესაძლოა, ამ დროს მოხდა ეს კომუნიკაცია, ვერ შედგა ეს კომუნიკაცია და, შესაძლოა, ეს არის. 

მე ვარაუდს ვამბობ, არ ვიცი, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ. ბატონ გრიგოლთან არ მქონია ამ თემაზე კომუნიკაცია. ვერც დავაზუსტებ და ვერ უარვყოფ". - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

გუშინ, 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

თუმცა, ოპოზიციის წევრებისთვის გაურკვეველია, რა დიალოგზე ლაპარაკობს ენმ-ის თავმჯდომარე და, მათივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, რა მოლაპარაკება ჩაიშალა.

10 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა: "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები