არჩევნები 2020

გახარია: მოქალაქის მანდატი იყო, რომ ერთად მოვუაროთ ქვეყანას, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ პოლიტიკური დგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას, მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები გაგრძელდება. თუმცა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში. ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი - ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე. ყველას უნდა გვასხოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ - როდესაც მძვინვარებდა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი, როდესაც გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო პირდაპირ გამიზნული მესიჯი თითოეული ჩვენი პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში კრიზისებიდან.  

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე უფრო დღეს ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის მდგრადი პოლიტიკური პროცესი იმისთვის, რომ საქართველოს ამბიციური გეგმა, ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ მისი შესრულება. თვითონ საარჩევნო პროცესიც და მისი შემდგომი პროცესიც კიდევ ერთი დადასტურება უნდა იყოს საქართველოში შემდგომი დემოკრატიული განვითარების გაძლიერების. ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში, რომ ერთად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და, რაც მთავარია, ყველამ ერთად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ. რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი და პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს და ეყოფა პასუხისმგებლობა, ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი სწორად გაიგოს და სწორად გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

კომენტარები