არჩევნები 2020

ვაშაძე: არ ვიცი რა მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე, ალბათ, გვექნება კომუნიკაცია

სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არ იცის რაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებები ჩაშლილი არ არის, ოპოზიციის წევრებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ და ელოდებიან, რომ დიალოგი შედგება. 

"მე ვარ დიალოგის მოლოდინში, რადგან ჩვენ, ოპოზიციამ განვაცხადეთ მზაობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე რაზე საუბრობს არ ვიცი, ალბათ, გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ, რაზეა საუბარი. ველოდებით ყველა, რომ დიპლომატების ფასილიტაციით წარიმართება დიალოგი. ეს მოლაპარაკება არ არის ჩაშლილი, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს და მოლოდინი მაქვს, რომ დიალოგი შედგება. მე, ჩემი პარტიის სახელით ვსაუბრობ. ამ ვითარებიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა ვნახოთ, ეს ფაქტია". – ამბობს ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თავისივე 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მისი განცხადება, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ფასილიტატორების ჩართულობით, თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესის ჩაშლას მოყვა. 

10 ნოემბერს, დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები