არჩევნები 2020

კაპანაძე: სასამართლოებმა 99% შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოთხოვნა უბნების გადათვლაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, სასამართლომ საჩივრების განხილვა დაასრულა და პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილა. 

"რეალურად, ის იურიდიული გზა, რომელიც კანონშია გათვალისწინებული და რაც აირჩია ევროპულმა საქართველომ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პრაქტიკულად, დამთავრდა წარუმატებლად. 

იმ უბნებზე, სადაც გვქონდა სრული საფუძველი, გვევარაუდა, რომ ან ბიულეტენები აკლდა, ან ბიულეტენები იყო ზედმეტად ჩაყრილი, სადაც არ ბალანსდებოდა ოქმები, მოთხოვნაზე, რომ გადათვლილიყო ან გაუქმებულიყო, თითქმის ყველგან გვითხრეს უარი". – ამბობს სერგი კაპანაძე. 

ოპოზიციურმა ლიდერმა ასევე მოიყვანა მაგალითები, თუ რა სარჩელების დაკმაყოფილებაზე თქვა უარი სასამართლომ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი 22-ე ოლქის 57-ე უბანს ეხება. 

"აქ არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, 202 ხელმოწერა არის ზედმეტი. ანუ 202-ით მეტი
ადამიანი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე იპოვეს ბიულეტენი. ბუნებრივია, ასეთი უბანი რომ გაუქმდეს ან გადაითვალოს, არის ძალიან ლოგიკური. ეს მოითხოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სასამართლომ უარი თქვა ასეთი უბნის გადათვლაზე. 

ჩემს ხელთ არის ასეთი ძალიან ბევრი უბანი, სადაც ზედმეტია ათეულობით ხელმოწერა.
ამ უბნებში აშკარაა, რომ ორი რამ ხდებოდა, ან იყო კარუსელები, როდესაც ცარიელი ბიულეტენები გაჰქონდათ, ან უბრალოდ ხმები, რომლებიც მიიღო რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, არის დაკლებული და ამიტომ არის ამხელა სხვაობა". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

მოქმედი დეპუტატის შეფასებით, ამ ყველა უბნის გადათვლაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი და სასამართლო, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების გაგრძელებაა ამ საქმეში. 

"ჩვენ ასევე გვაქვს შემთხვევა 73-ე უბანზე, საბურთალოზე, სადაც ჩვენ მოვითხოვეთ გადათვლა, საუბნო კომისიამ გვითხრა უარი, შემდეგ სასამართლომ საჩვენებლად დააკმაყოფილა გადათვლის მოთხოვნა და როდესაც გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ევროპული საქართველოს 35 ბიულეტენი იყო სხვა პარტიისთვის დამატებული". – ამბობს სერგი კაპანაძე. 

ოპოზიციური ლიდერის განმარტებით, ეს იურიდიული პროცესი გუშინ, 10 ნოემბერს დასრულდა, დღეს კი საოლქოები შეაჯამებენ ოლქებს. 

"ევროპული საქართველო არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს ამ შემაჯამებელ ოქმებს და მათაც გაასაჩივრებს, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, პრაქტიკულად დღეს დაიხურა და სასამართლოებმა შემთხვევათა 99%-ში  არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური ძალებისა და არც არასამათავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ უბნები ყოფილიყო, ან გახსნილი, ან გადათვლილი". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

ოპოზიციური პარტიები არჩევნები შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საჩივრების განხილვის პარალელურად, ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ საჩივრებს კომისიის წევრები ფორმალურად განიხილავდნენ. ასევე, ოპოზიციის წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც არ მისცეს. ცესკომ აქციები "ზეწოლის მცდელობად" შეაფასა.

განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და დემოკრატიულმა არჩევნებმა. მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებდნენ. ორგანიზაციები მოუწოდებდნენ კომისიებს, გადაეთვალათ რაც შეიძლება მეტი უბნის ბიულეტენი და "ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე".

კომენტარები