არჩევნები 2020

ბოკერია: ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია – პარლამენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, პარტიისა და ვაშაძისგან მკაფიო განცხადებას ელიან, თუ რისი თქმა უნდოდა მას, ევროპული საქართველოს პოზიცია კი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცვლელია. 

"რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა. ველოდებით პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისაგან და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში. 

ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად." - ამბობს გიგა ბოკერია. 

გრიგოლ ვაშაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს საპროტესტო აქციებიდან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ვაშაძის განცხადებას ნიუპოსტი ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ "ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით." 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. პარტიები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები