არჩევნები 2020

ღია საზოგადოების ფონდი: სამართალდამცავებმა აქცია პროცედურების დარღვევით დაშალეს

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ეხმაურება 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით.

"2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით  –  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ. აღნიშნული პროტესტის დროს, სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

სრულად ფონდის განცხადება იხილეთ აქ.

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

კომენტარები